გაეროს სასკოლო მოდელირება
2011 წლის 16 ივნისს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველის აპარატის ოფისში საქართველოს გაეროს ასოციაცია გამართავს გაეროს სასკოლო მოდელირებას თემაზე “ეკოლოგიური მდგრადობა”. პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
საქართველოს გაეროს ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს გაეროს ეროვნულ მოდელირებას. შესარჩევი ტური იმართება საქართველოს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სკოლებში შიდა მოდელირების სახით, საიდანაც აირჩევიან საუკეთესო დიპლომატები.
გაეროს შიდა სასკოლო მოდელირების თემაა ეკოლოგიური მდგრადობა. მოდელირების ოფიციალური სამუშაო ენაა ქართული. გაიმართება გაეროს მდგრადი განვითარების კომისიის სხდომა. კომისია შეიქმნა 1992 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის 47/191-ის საფუძველზე. ის ძირითადად სპეციალიზირდება გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებაზე. კომისიის სხდომა იმართება ყოველწლიურად. გაეროს მოდელირების მონაწილეობისათვის გაიმართება აღნიშნული კომისიის მოდელირება.
ყოველწლიურად მსოფლიოს 60 000-მდე ახალგაზრდას საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გაეროს მოდელირებაში. 1996 წლიდან მათ რიცხვს გაეროს ასოციაციის მეშვეობით ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. გაეროს მოდელირება გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების ეკონომიური და სოციალური საბჭოს, უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილენი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა როლებს ასრულებენ და ამჟამად გაეროს დღის წესრიგში მდგარ საკითხებს განიხილავენ. მსოფლიოში ყოველწლიურად 170-ზე მეტი გაეროს მოდელირება იმართება, თითოეულში კი რამდენიმე ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.
მონაწილეთ შესანიშნავი საშუალება ეძლევათ დაინახონ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებანი საერთაშორისო დონეზე, როგორ მუშაობს მრავალმხრივი დიპლომატია, მთლიანად გაერო. ყოველ მონაწილეს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი როგორც დიპლომატმა, ლიდერმა, ორატორმა და ექსპერტმა ერთდროულად.
გაეროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს №17საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: აკაკი ძანძავა (რუსეთის დელეგატი), ვალერი ფორჩხიძე (გერმანიის დელეგატი), მერი ღამბაშიძე (იტალიის დელეგატი), ნინო მერკვილაძე (ეგვიპტის დელეგატი), სალომე საჯაია (ირლანდიის დელეგატი).
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის მიმართეთ:
ილიკო ნაცვალაძეს – გაეროს ასოციაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი
მობ: 877 78 04 06, ელ-ფოსტა: [email protected]