ახალგაზრდული ფორუმი
2011 წლის 28 აპრილს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, სასტუმრო ’’ქუთაისი პალასში’’ გამართა ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისათვის (ფონდ ’’ღია საზოგადოება – საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით)


ახალგაზრდული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული სათათბიროს წევრები, სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან, საჯარო სკოლების დირექტორები, 9-10-11-12 კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებიც ჩართული არიან ამერიკული ორგანიზაცია PH International – საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ინიცირებულ „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრას დაესწრნენ და პრეზენტაცია გააკეთეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ბ–ნმა ირაკლი სამხარაძემ და ამერიკული ორგანიზაცია PH International – საქართველოს ოფისის დირექტორმა ბ–ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა.
მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყო და წამოაყენეს თავიანთ წინადადებები, რითაც მოახდენეს რეგიონში არსებული ახალაგზრდული პრობლემების იდენტიფიკაცია. ფორუმზე მუშაობის შედეგად მოხდება რეკომენდაციებისა და საპროექტო წინადადებების შემუშავება, საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე დაყრდნობით, რომელიც მომზადებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. ფორუმის შედეგად მიღებული დოკუმენტი გადაეცემა ყველა დაინტერესებულ მხარეს.
მოკლედ პროექტის შესახებ: პროექტი „ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისათვის“ 2010 წლის აპრილის თვიდან ხორციელდება და მის მიზანს წარმოადგენს: ახალგაზრდებში თავიანთი უფლებების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება, ახალგაზრდების აქტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მდგრადი მოდელის დანერგვა, რომელიც რეგიონალურ დონეზე უზრუნველყოფს ახალგაზრდული საჭიროებების მუდმივ შესწავლას, მათზე დაყრდნობით ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს.

პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები ქუთაისში მცხოვრები 16 – 25 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებმაც გაიარეს ტრენინგ-სემინარები შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებები; აქტიური მოქალაქეობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა, კოალიციების შექმნა და მოხალისეობის სერვისი;მროგორ დავწეროთ პროექტი, ფონდების მოძიება. ტრენინგ-კურსების შედეგად გადამზადებული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სათათბირო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ახალგაზრდების ინტერესების დაცვის კუთხით.

ფორუმს ესწრებოდნენ: №17 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები თამარ ბარბაქაძე და თეა ქუთათელაძე, ახალგაზრდული კლუბის წევრები აკაკი ძანძავა და ვალერი ფორჩხიძე.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის მიმართეთ:
ილიკო ნაცვალაძეს – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი
მობ: 877 78 04 06; ელ-ფოსტა: [email protected]