USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის სტუმრობა
2012 წლის 31 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში იმერეთის, პროგრამის სამიზნე სკოლების
სამოქალაქო კლუბების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციები სპეციალური სტუმრისთვის, USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორისთვის ქ-ნ დანიელა რიფისთვის მომზადდა. ქალბატონ დანიელასთან ერთად სკოლას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნ მარინა უშვერიძე, ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნ ანდრო ლოსაბერიძე, საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები სტუმრობდნენ. პირველ ეტაპზე თავიანთი მიღწევები მასპინძელი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სამოქალაქო კლუბის ოთახში წარუდგინეს, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტითაა რეაბილიტირებული.სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროგრამაში ჩართული 9 სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ისტორიების ამსახველი ფოტო- მასალა. სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული წარმატებული ადვოკატირების კამპანიების პრეზენტაციები. პროგრამის მიმდინარეობის და წარმატებების შესახებ ისაუბრეს ქ-ნ მარინა უშვერიძემ – სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა, ქ-ნ ლიკა კილაძემ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა. ქ-ნ ირინე ჯგერენაიამ ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორმა.
შეფასებები USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა დანიელა რიფიმაც გააკეთა.,,აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ვნახე და მოვისმინე, ჩანს, რომ ძალიან აქტიურები და მონდომებულები ხართ. ვისურვებდი, რომ მომავალშიც ასე გააგრძელდეს.’’ – განაცხადა ქალბატონმა დანიელამ. მან მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა და ისაუბრა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ.