2009 წლის 14 მაისს II3 კლასში ჩატარდა მიზნობრივი გაკვეთილი, ხელმძღვანელი თამილა სვანაძე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნიკეას ქუჩაზე მდებარე წისქვილი და თონე. მოსწავლეები გაეცვნენ წისქვილის მუშაობას, რა ფუნქციას ასრულებს დლაბი, სარეკელა, რა არის ხვიმირი, კრიჭა, როგორ იფქვება მარცვალი. წაიკითხეს ლექსი:

,,და სარეკელას მადლიან ენით

წისქვილი ჰყვება მოასავლის ამბავს.”

თონის დათვალიერებისას მოსწავლეებმა გაიხსენეს ლექსი ,,ხაბაზი”, რომელშიც აღწერილია პროცესი ცომის მოზელვიდან დაწყებული შოთი პურის გამოცხობით დამთავრებული.

ბავშვებმა თავიანთი თვალით იხილეს ცომის საზელი დანადგარი, საფანელში ამოვლებული ცომის გუნდები, ხაბაზის მიერ თონეში პურის ჩაკვრა, დაბრაწული პურის ამოღება თონიდან, კუტი პური. ნახეს საჭირო იარაღები: ასტამი, კიჭუტი.

შემდეგ შეიძინეს ცხელი თონის პურები და გემო გაუსინჯეს ხაბაზის ნახელავს.