„პედაგოგი – მშვიდობის რესურსი“
პედაგოგოთა კავშირი „განათლება და სამყარო“ 2012 წლის მარტში იწყებს პროექტის „პედაგოგი – მშვიდობის რესურსი“ განხორციელებას საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს პარტნიორობით, რომლის მიზანია: ქართველ და აფხაზ პედაგოგთა შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
ამოცანები
პედაგოგებისთვის ტოლერანტობის პედაგოგიკის ძირითადი საფუძვლებისა და სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა, დაუფლება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
მოზარდებში ტოლერანტობის უნარ-ჩვევების განვითარება
სკოლაში, თემში ადამიანის უფლებათა პატივისცემის, მშვიდობის და დემოკრატიისკენ სწრაფვის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, 17 საჯარო სკოლა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრთან შეთანხმებით შერჩეულია პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო” პარტნიორად. ასევე, გამოცხადებული კონკურსის მიხედვით ჩვენი სკოლის ტრენერ–პედაგოგმა ქალბატონმა ირინა კუდრიავცევამ წარმატებით გაიარა ტესტირება და შერჩეულ იქნა პროექტის ტრენერად, რომლის მოვალეობაა ჩვენი სკოლის 20 მასწავლებელთან ორი თვის განმავლობაში ჩაატაროს 12 ტრენინგ–სემინარი თემაზე: „ტოლერანტობა მშვიდობიანი თანაარსებობისათვის“
პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიის – სოხუმის, ტყვარჩელის, ოჩამჩირეს, გალის, იმერეთის – ქუთაისის, ბაღდათის და აჭარის – ქობულეთის, ბათუმის სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტი ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს, დიალოგს, ტრენინგების ციკლს, სამოქალაქო ფორუმს, თემატურ კონკურს, საზაფხულო სამშვიდობო-საგანმანათლებლო სკოლის ორგანიზებას, ტოლერანტობის საგანმანათლებლო ცენტრების დაფუძნებას სამიზნე სკოლებში. აღნიშნულ ღონისძიებებში თქვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იქნებიან ჩართული.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოს მიხედვით აფხაზი და ქართველი პედაგოგები გაეცნობიან და დაეუფლებიან ტოლერანტობის პედაგოგიკას, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის ახალ ტექნოლოგიებს და დანერგავენ სასწავლო პროცესში. მოსწავლეები განივითარებენ ტოლერანტობის, თანადგომის, კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევებს. ოკუპირებული ტერიტორიის მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესების შესახებ. გაიზრდება ნდობის აღდგენის მოტივაცია და საფუძველი ჩაეყრება ქართულ-აფხაზურ სამოქალაქო პარტნიორობას განათლების სფეროში.