60 000 ნეტ-ბუკის სკოლებისთვის გადაცემა დაიწყო
პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დაიწყო. დღეს 15 000 ნეტ-ბუკი სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქართლში და დიდგორში გაიგზავნა. კომპიუტერები კომპანიების ”ალგორითმი” და ”ინტელის” მიერ საქართველოში დამზადდა. ეს კომპანიები საქართველოს ფოსტის დახმარებით, თავად უზრუნველყოფენ ნეტ-ბუკების დისტრიბუციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კომპიუტერული ქარხნიდან ნეტ-ბუკების კონტეინერებში ჩატვირთვის პროცესს დაესწრო. სწავლის დაწყებამდე ნეტ-ბუკებს ყველა საჯარო სკოლა მიიღებს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტ-ბუკი ”ბუკი”. ნეტ-ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.
საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზებულია, აქედან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლიდან ნეტ-ბუკები სახელმძღვანელოებთან ერთად, პირველკლასელთათვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.