მეგობრობის კიდევ ერთი ფურცელი
მიმდინარე წლის 3 მაისს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრადიციული ღია კარის დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის №3საჯარო რუსული სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და საფუძველი ჩაეყარა პროექტ «მეგობრობას”, რომლის მიზანია სკოლების დამეგობრება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანამშრომლობა.


2009 წლის 23-24 მაისს პროექტ «მეგობრობის” ფარგლებში ქუთაისის №17 საჯარო სკოლა საპასუხო ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. რუსთავში, ბოდბესა და სიღნაღში რუსთავის №3 საჯარო რუსული სკოლის მიწვევით. შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი ბატონი ბექა შათერიშვილი, რომელმაც უსურვა პროექტ «მეგობრობას” ხანგრძლივი არსებობა, შემდგომი წარმატებები და გაფართოება არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში. სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე თავიანთ თვითშემოქმედებას წარმოადგენდნენ ორივე სკოლის მოსწავლეები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რითაც ბავშვებმა გამოავლინეს სახელმწიფოებრივი ენის პატივისცემა და ფლობა. სკოლის დირექტორის I მოადგილემ ვლადიმირ გირინმა მიმოიხილა სკოლის ისტორია, წარმოგვიდგინა ღვაწლმოსილი პედაგოგები. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, რუსთავის საკრებულოსა და მერიის, რუსული საზოგადოებისა და რუსთავის სკოლების წარმომადგენლები, რომლებმაც სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისათვის, სამახსოვროდ გადასცა წიგნი «ქუთაისი” და დააჯილდოვა სიგელებით რუსთავის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ღია კარის დღეზე მონაწილეობისათვის.
რუსთავის საკრებულოსა და მერიის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოება მიიწვია რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და რუსთავის დრამატულ თეატრში პრემიერაზე «დარისპანის გასაჭირი”. სპექტაკლის შემდეგ სკოლის პედაგოგები შეხვდნენ სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს. მათთან შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე და სულიერად აგვამაღლა.
მეორე დღის პროგრამა მოიცავდა ექსკურსიას ბოდბეში და განახლებულ სიღნაღში. სიღნაღში ხელოვნების მასწავლებელმა თ.სულაბერიძემ გამართა პლენერი, რომელზეც მოსწავლეებმა დახატეს სიღნაღის ხედები.
ვიზიტმა რუსთავის №3 საჯარო რუსულ სკოლაში წარმატებით ჩაიარა. არასოდეს დაგვავიწყდება ერთად გატარებული არაჩვეულებრივი ორი დღე, რომელიც დახუნძლული იყო ემოციებით, სიყვარულითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით. ჩევნი მეგობრობა გაგრძელდება…
ეს შეხვედრა არ შედგებოდა, რომ არა პირადად ქ. ქუთაისის მერის ბ-ნ ნუგზარ შამუგიასა და სამგზავრო დეპარტამენტის ხელ-ლ ბ-ნ ზაზა სახელაშვილის მხარდაჭერა. ასევე მადლობას მოვახსენებთ მძღოლებს ჯ.მაცაბერიძესა და ი.მშვილდაძეს. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ თანადგომისათვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – ნარგიზა მებურიშვილი