31 მაისი – “მსოფლიო თამბაქოს გარეშე”
ყოველი წლის 31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს – დღეს მსოფლიო თამბაქოს გარეშე, როდესაც კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე, ასევე პროპაგანდა ეწევა იმ პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიის შემდეგ თამბაქოს წევაა. ამდენად თამბაქო მთელს მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში 5 მილიონი თამბაქოს მწეველი კვდება. განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ასეთ ქვეყნებში ამჟამინდელი მდგომარეობით საერთო სიკვდილიანობის ნახევარს თამბაქო იწვევს. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, განვითარებად ქვეყნებში, 2030 წლისათვის სიკვდილიანობის ყოველი 10 შემთხვევიდან 8 თამბაქოსთან იქნება დაკავშირებული.ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 1987 წელს დაარსა დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეულ უმძიმეს შედეგებისადმი. ეს დღე საშუალებას იძლევა პროპაგანდა გაეწიოს კონკრეტულ ღონისძიებებს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში და დაცული იქნეს თამბაქოს ჩარჩო კონვენცით თამბაქოს წინააღმდეგ აღებული ვალდებულებები. ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თამბაქოს მოხმარებას ქალებსა და ბავშვებში.
31 მაისს მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე საქართველოშიც აღინიშნება. სამწუხაროდ საქართველოში თამბაქოს 1 700 000 ადამიანი მოიხმარს, აქედან – 500 000 ქალია.
2011 წლის 31 მაისს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ”ახალგაზრდების სამოქალაქო განათლებისა და სათემო ჩართულობის პროექტის” ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ”ვორლდ ვიჟენ საქართველოს” (World Vision Georgia) და ”ვორლდ ვიჟენ რუმინეთის” (World Vision Romania) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გამართა ღონისძიებების ციკლი. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-17 საჯარო სკოლის ახალგაზრდული საბჭოს წევრები. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მოაწყვეს თამბაქოს საწინააღმდეგო კუთხე. ორგანიზება გაუკეთდა აქციას ,,გაგივცვალე სიგარეტი ,,ჩუპა–ჩუპსში’’, რომლის ფარგლებშიც მწეველებს სიგარეტის სანაცვლოდ დაურიგდათ ,,ჩუპა–ჩუპსები’’, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის დაგვიკავშირდით:
ირინე ჯგერენაია – ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორი მობ: 899 478 478, 877 27 75 17 ელ-ფოსტა: [email protected]
ილიკო ნაცვალაძე – ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი მობ: 877 78 04 06 ელ–ფოსტა: [email protected]