„უპრეტენზიობა+უძილობა+ნიჭი= წარმატებას“,
2013 წლის 14 ნოემბერს 14 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაიმართა კითხვის კვირეული ‘’ვისაუბროთ წიგნებზე’’ შემაჯამებელი ღონისძება.
‘’ვისაუბროთ წიგნებზე’’ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ინიციატივაა და მიზნად ისახავდა მონაწილეებში ევროპული ლიტერატურის ცნობადობის ამაღლებას.
კვირეული მიმდინარეობდა 4 ნოემბრიდან 14 ნომებრის ჩათვლით, რომლის განმავლობაშიც სკოლაში გაიმართა ევროპული მწერლების წიგნების კითხვის სესიები კლასებისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. სესიებს უძღვებოდნენ ქართული ენის პედაგოგები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
14 ნოემბერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუბრიკით „შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან“ უმასპინძლეს გერმანიაში ქალაქ ზაარლანდში მოღვაწე ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ქორეოგრაფს, მიმოდრამის თეატრის ხელმძღვანელს ლაშა ონიანს, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ახდენს მისი შემოქმედებითა და მის მიერ შექმნილი მსოფლიო მასშტაბის კულტურული პროექტების განხორციელებით. ბატონმა ლაშამ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ისაუბრა მის შემოქმედებით გზაზე, მიღწეულ წარმატებებზე, იუმორით გაიხსენა კურიოზები, ბავშვობა, დედის განსაკუთრებული დამოკიდებულება მისადმი, პასუხი გასცა მოსწავლეების შეკითხვებს. შედგა გულწრფელი და გულთბილი საუბარი. ცნობილმა ევროპელმა ქართველმა მოსწავლეებს გაანდო თავისი წარმატების ფორმულა: „უპრეტენზიობა+უძილობა+ნიჭი= წარმატებას“, გადაიღო მოსწავლეებთან ერთად ფოტოები, სამახსოვროდ დაუტოვა ავტოგრაფები. შეხვედრის დასასრულს დაათვალიერეს კვირეულის ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სამკითხველო ოთახი, მოისმინა ბავშვების მიერ მომზადებული პრეზენტაციები წაკითხული წიგნების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იქნება პერფომანსი „ლინდგრენიადა“ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების მიხედვით, რომელშიც კონკურსში ჩართულმა მოსწავლეებმა განასახიერეს ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები.
კვირეულის ორგანიზატორებმა ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ სკოლას გადასცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა“, მაისურები, ჯილდოები.