ევროპის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდული გამოფენა თემაზე: „როგორ გვესმის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, მოეწყო.

გამოფენას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესწრებოდა.
კანონმდებლებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის #17, #1 და #21 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატები დაათვალიერეს.
ევროპის კვირეულისა და ამავე გამოფენის ფარგლებში, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საქართველოს პარლამენტში ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა „ევროპული წიგნი – საქართველო“ წარადგინა.
„ამ გამოფენაზე თქვენ შეეცადეთ გამოგეხატათ თქვენი შეხედულებები. ჩვენ აქ ვნახეთ ძალიან ღრმა შინაარსის და დატვირთვის მქონე ნახატები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი, ყველა თაობის ქართველი ადამიანი, ვცდილობთ არა მხოლოდ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი და ღირსეული წევრები, არამედ ვფიქრობთ ამაზე. ევროპელობა ნიშნავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, შრომას, უსაფრთხოებას, სამართლიანობას, მშვიდობას. ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ ისე, როგორც ეს თქვენს ნახატებშია ასახული“, – მიმართა სკოლის მოსწავლეებს, ნახატების დათვალიერების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ბავშვებს ვთხოვეთ საქართველოს და ევროკავშირთან მიმართებაში თავიანთი დამოკიდებულება ნახატებში გადმოეცათ. აღფრთოვანებული ვარ, რა ღრმა აზრია ჩადებული თითოეულ სურათში. ნამდვილად არ მიკვირს ქუთაისელი ბავშვებისგან ასეთი გამართული აზროვნება, რადგან ეს ქალაქი მუდამ გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო ფუნქციით. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა უკვე ნამდვილი ევროპელები არიან“, – განმარტა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ.
გამოფენის მონაწილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, სიგელები გადაეცათ. მათ დავით უსუფაშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.