ახალი სასწავლო წლისათვის სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები ხორციელდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 122-ე საჯარო სკოლისათვის ახალი სასკოლო მერხებისა და სკამების გადაცემის პროცესს დაესწრო და სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. 122-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვედ აღჭურვა და კეთილმოწყობა სამინისტროს პრიორიტეტია. სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ასეული სკოლა 10 000 ახალი დაფით, მერხითა და სკამით აღიჭურვება.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება და რეგიონებში 12 ახალი სკოლა შენდება. მიმდინარეობს ამ სკოლების ახალი ინვენტარით აღჭურვა, პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში თბილისისა და დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო – საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით იქნება უზრუნველყოფილი. დაწყებულია ინტერაქტიული Smart Board-ის დაფების შეტანა, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს… ეს მხოლოდ ნაწილია 2011-2012 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლებისა.

№122 საჯარო სკოლა 2011 წლის საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე 20 სკოლას შორის არის დასახელებული. ამავე სკოლის მოსწავლეა 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე. სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება.

სკოლის დირექტორი ლალი რამინაშვილი საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთა სარეიტინგო სიის პირველ ათეულშია, მან მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებში ორ საგანში მაღალი ქულები დაიმსახურა, წარმატებით ჩააბარა პროფესიული უნარები, უცხო ენა, კომპიუტერი და იღებს 1000 ლარიან ანაზღაურებას.