განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის, აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს.
ახალი პროექტი “საქართველოში აივ პრევენციის პროექტის” ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” ახორციელებს.
პროექტი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებს მათ ჩართვას სხვადასხვა სახის ინტერნეტ კონკურსებში (ეროვნული კონკურსი “გააკეთე სწორი არჩევანი!”, სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი).
კონკურსების მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.geoyouth.ge და თითოეულ კონკურსში მონაწილეობის წესებს გაეცნონ.
კონკურსებში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. ასევე სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლების დირექტორებს და აქტიურ მასწავლებლებს. მარათონი და კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” გაიმართება.