სკოლის ისტორია

100 წლიანი ისტორია

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში არსებული რეალურ სასწავლებელთა შორის თავისი მოკრძალებული ვალი მოიხადა მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის ქალთა გიმნაზიამ…

1898 წელს სპეციალური რეკლამები იუწყებოდნენ: ,,მთავრობის ნებართვით ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, ალ. ჭყონიას სახლში, პირველი სექტემბრიდან დაარსდა ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიის კურსით. საჭირო ცნობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ლიდა ანჯაფარიძეს, ან მარიამ ყაუხჩიშვილს.

1903 წელს მეორე ხარისხის კერძო სასწავლებელი მარიამ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობაში გადავიდა. მისი პირადი შუამდგომლობითა და სკოლაში სასწავლო პროცესის სანიმუშოდ დაყენებით, 1908 წელს პროგიმნაზია პირველხარისხიანად გადაკეთდა. მას მიემატა მე-5 და მე-8 კლასები და სრული გიმნაზიის სახე მიიღო. მთავრობის კომისიამ სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი. სავსებით დამაკმაყოფილებლად სცნო: იგი სრულუფლებიან კერძო გიმნაზიად დაამტკიცა და მიანიჭა მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი.

ეს პროგიმნაზია 1903 წლიდან თბილისის ქუჩაზე, პეტრე გოკიელის სახლში ფუნქციონირებდა. ხოლო შემდეგ, ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკეების დახმარებითა და ბანკიდან აღებული სესხით მარიამმა ქალაქის ცენტრში შეიძინა ორსართულიანი შენობა დიდი ბაღით. (ამ შენობაში საბჭოთა პერიოდში მოთავსებული იყო ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი).

აი, რას იგონებს ფატი ხუნდაძე, რომელმაც აღნიშნული გიმნაზია დაამთავრა: ,, არასოდეს დამავიწყდება ის დიდი სიხარული, კმაყოფილება და სწორედ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება, რომელიც ვიგრძენი როდესაც პირველად შევდგი ფეხი ჩვენი, ამიერიდან რვაწლიანი სკოლის შენობაში. როგორც თავისი არქიტექტურული თავისებურებით, ისე სიდიდით და თავისი უზარმაზარი. შესანიშნავი ბაღით ეს შენობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყველა დანარჩენი, მის მეზობლად მოთავსებული ნაგებობიდან.

მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის ქალთა გიმნაზია  ასეულობით ახალგაზრდამ დაასრულა. მისი პიველი გამოშვება 1912 წელს იყო. მაშინ სკოლა 35-მა მოსწავლემ დაამთავრა.

იმ წლებში ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალ-ცალკე იყო. მარიამ ყაუხჩიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასწავლებელი ქალთა სკოლას წარმოადგენდა, ვაჟებიც ჩარიცხა. სწავლას მოწყურებული ყველა ახალგაზდისთვის ღია იყო გიმნაზიის კარი. შესანიშნავი ხელმძღვანელი და პედაგოგი გზას აცდენილი ახალგაზრდებისთვი წინ ციხე-სიმაგრე აღიმართებოდა და იტყოდა: ,,უნდა გამოვასწოროთ, არ უნდა მივცეთ ქუჩას, მისგან კარგი მოქალაქე უნდა გამოვიდეს.” ამიტომ ქუთაისლები ,,მარიამ ყაუხციშვილის სკოლას” მოსწავლეების გამოსასწორებელ სკოლას ეძახდნენ. ამ სკოლაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. იგი ერთადერთი სკოლა იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ. სწორედ ამიტომ აფასებდა მას ქუთაისის ინტელიგენცია. სასწავლო წელი პირველ სექტემბერს იწყებოდა და მთავრდებოდა 31 მაისს. ტარდებოდა მისაღები და ჯგუფიდან ჯგუფში გადასაყვანი გამოცდები. გამოსაშვებ გამოცდებს იღებდა კომისია, რადგან ეს სასწავლებელი კერძო იყო, გამოსასვები გამოცდები ტარდებოდა ვაჟთა გიმნაზიაში ოფიციალური პროგრამით.

გოგონები იცვამდნენ უჯრედოვანი ქსოვილის კაბებს, ზედ ყავისფერ წინსაფრებს იკეთებდნენ. ფონდში დაცულია ათეულობით ფოტოსურათი, რომლებიც ამ სკოლის ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ასახავენ. ეს სურათები ერთგვარი რელიკვიაა და კარგად გვიჩვენებენ სახალხო განათლების საუკეთესო ტრადიციებს ჩვენს ქალაქსი.

მარიამ ყაუხჩიშვილის სკოლაში აღზრდის ორიგინალური მეთოდები იყო. აქ ბავშვებს კი არ სცემდნენ, არამედ ზრდიდნენ დარწმუნებით, პირადი მაგალითით, შთაგონებით. ამ სკოლიდან არცერთი მოსწავლე არ გარიცხულა. სასწავლებლიდან გარიცხვას ქ-ნი მარიამი პედსაბჭოს სისუსტედ თვლიდა. კარგი სწავლისა და დისციპლინისათვის ბავშვებს აჯილდოვებდნენ წიგნებით, მიჰყავდათ თეატრში. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დამყარებული მოსწავლეთა მშობლებთან. უფროსი კლასის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე კითხულობდნენ რეფერატებს, მართავდნენ დისკუსიებს, აწყობდნენ ექსკურსიებს, უშვებდნენ ხელნაწერ ლიტერატურულ ჟურნალს. გიმნაზიას ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. რუს, ევროპელ და ქართველ კლასიკოსთა ჩინებულ გამოცემებს გვერდს უმშვენებდა საბავშვო ლიტერატურის იშვიათი ფონდი.

მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის ქალთა კერძო გიმნაზიამ იარსება 1921 წლამდე. ამის შემდეგ სკოლამ ბევრჯერ განიცადა რეორგანიზაცია: ჯერ შრომის სკოლად გადაკეთდა, 1938-1939 სასწავლო წლიდან მე-17 სასუალო სკოლად, 2006 წლიდან №17 საჯარო სკოლად. 1983 წლიდან სკოლამ შენობა შეიცვალა. ამჟამად იგი მდებარეობს ნიკეას ქუჩაზე №44-ში.